ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული კანონი და კრიტიკული მედია ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე


ჟურნალისტი რუსული კანონის წინააღმდეგ
ჟურნალისტი რუსული კანონის წინააღმდეგ

პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ქართული კრიტიკული მედია უმძიმესი გამოწვევებით ხვდება. მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში", რომელიც დღეს განახლდა, საქართველომ "პრობლემურიდან" "რთული" მდგომარეობის ქვეყნების ჯგუფში გადაინაცვლა. 77 ადგილიდან ქვეყანამ 26 პოზიცია დაკარგა და ახლა 180 ქვეყანას, შორის 103 ადგილზეა.

"რუსული კანონის" მიღების შემთხვევაში, მედია მკვლევარების ვარაუდით, საქართველოში მედიის მდგომარეობა კიდევ უფრო დრამატულად გაუარესდება. ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ არის მაღალი ეთიკური სტანდარტის საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ასევე დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მქონე რეგიონული ონლაინ გამოცემები. ეს მედია საშუალებები, ძალიან მაღალი ალბათობით, დაიხურება და გაქრება.

სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში ეგზისტენციალური საფრთხის წინაშეა
სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში ეგზისტენციალური საფრთხის წინაშეა
ეს კანონი მედიას, პირდაპირი მნიშვნელობით დაარტყამს. თუ კანონი მიიღეს, ცალკეული მედია საშუალებები შეიძლება, უბრალოდ გაქრნენ. ეს ვნახეთ, მათ შორის, რუსეთში. ბევრი მედია საშუალება, რომელიც მანამდე არსებობდა, უბრალოდ აღარ არსებობს
დავით ძიძიშვილი, მედიის კვლევის დოქტორანტი

„ივანიშვილს მისი გადმოსახედიდან, სწორად აქვს სამიზნეები შერჩეული, მათ შორის კრიტიკული მედიაც. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ კანონი რეალურად ვისაც დაარტყამს, ეს იქნება ის მედია საშუალებები, რომლებიც მაღალი მედია სტანდარტებით მუშაობენ და რომელთა ძირითადი ფინანსური წყარო, სწორედ დონორი ორგანიზაციები არიან“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ მედიის კვლევის დოქტორანტმა დავით ძიძიშვილმა.

მისი თქმით, ივანიშვილი რუსული კანონით სწორედ მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის მედიას ებრძვის. „ეს პრობლემა ისე დგას დღეს, როგორც არასდროს არ დამდგარა ამ ქვეყანაში. ეს კანონი მედიას, პირდაპირი მნიშვნელობით დაარტყამს და იქნება სერიოზული პრობლემა. თუ კანონი მიიღეს, ცალკეული მედია საშუალებები შეიძლება, უბრალოდ გაქრნენ კიდეც.

ეს ვნახეთ, მათ შორის, რუსეთში. ბევრი მედია საშუალება, რომელიც მანამდე არსებობდა, უბრალოდ აღარ არსებობს ან სხვა ქვეყნიდან მაუწყებლობს“ - ამბობს დავით ძიძიშვილი.

2024 წლის „პრესის თავისუფლების ინდექსით“, რომელსაც ავტორიტეტული „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ყოველწლიურად ადგენს, მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის საქართველო დრამატულად ჩამოქვეითდა და ახლა ასეულს მიღა, კენიასა და ანგოლას კომპანიაშია. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისთვის, რომელიც ბრიუსელთან მოლაპარაკების გახსნას ელის, ეს დიდი ვარდნაა.

"მმართველი პარტია აგრძელებს საზოგადოების პოლარიზაციას, ხელს უწყობს მოსკოვთან დაახლოებას და აწარმოებს პოლიტიკას, რომელიც სულ უფრო მტრულია თავისუფალი პრესის მიმართ" - წერია პრესის თავისუფლების ინდექსის 2024 წლის ტენდეციების მიმოხილვაში.

"მმართველი პარტია აგრძელებს საზოგადოების პოლარიზაციას, ხელს უწყობს მოსკოვთან დაახლოებას და აწარმოებს პოლიტიკას, რომელიც სულ უფრო მტრულია თავისუფალი პრესის მიმართ"
რეპორტიორები საზღვრებს გარეშე

ბიძინა ივანიშვილის მიერ რუსული კანონის გატანა ავტომატურად ნიშნავს, რომ საქართველო, „რთული“-დან "ძალიან სერიოზული“ მდგომარეობის ქვეყნების ჯგუფში გადაინაცვლებს და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში მძიმე საფრთხის ქვეშ დადგება.

არათავისუფალი მედია ქვეყნების ჯგუფში უკვე წლები არიან, მეზობლები თურქეთი (158-ე ადგილი რეიტინგში) და აზერბაიჯანი (164), ასევე - ოკუპანტი რუსეთი (162).

სამეზობლოში ამჟამად, შედარებით თავისუფალი მედია სომხეთს აქვს. 2024 წლის ინდექსში სომხეთი 6 საფეხურით დაწინაურდა და 49-დან 43 ადგილზე გადაინაცვლა.

"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ადასტურებს, რომ "რუსული კანონი" ქართული მედიის მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. „გარემო დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის რჩება მტრული, სადაც იზრდება სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების რიცხვი ჟურნალისტების წინააღმდეგ და ასევე, არის მცდელობები კანონის მიღებისა, რომლის მიზანი დამოუკიდებელი მედიის მარგინალიზება და სიტყვის თავისუფლებისთვის სივრცის დავიწროებაა“.

მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მდგომარეობა დრამატულად გაუარესდა და ვარდნა ისევ გრძელდება
მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მდგომარეობა დრამატულად გაუარესდა და ვარდნა ისევ გრძელდება
„ეს ძალიან მძიმე დარტყმა იქნება კრიტიკული მედიისთვის. დაგვრჩება მარტო ვიწრო პარტიული მედიები. ეს სწორედ გამჭვირვალე დაფინანსების საწინააღმდეგო კანონია. ამიტომ, ძალიან დიდი და უარყოფითი გავლენა ექნება, დამოუკიდებელ და თავისუფალ სიტყვაზე“
ბაკურ კვაშილავა, პოლიტოლოგი

„ეს ძალიან მძიმე დარტყმა იქნება მედიისთვის და ძალიან მძიმე დარტყმა იქნება ყველასთვის. დაგვრჩება მარტო ვიწრო პარტიული მედიები, დაგვრჩება ისეთი მედიები, რომლებსაც სულაც არ არის საჭირო, რომ დემოკრატიის გაძლიერებისთვის განკუთვნილი დასავლური ფული აფინანსებდეს“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ პოლიტოლოგმა ბაკურ კვაშილავამ.

მისი თქმით, „ეს აბსურდი, რასაც „ოცნება“ ლაპარაკობს, რომ „შავი ფული“, „შავი ფული“, შავი ფული მოიკითხონ „ქართული ოცნების“ დაფინანსებაში“. ის ფული, რომელიც ამ კანონით რეგულირდება, სწორედაც რომ „თეთრი ფულია“, თორემ „შავი ფული“ ქეშად იმდენი შემოდის, იგივე პრორუსული მოძრაობებისთვის, მას ეს კანონი არ ეხება.

ასევე არ შეეხება იმ მედია საშუალებებს, რომლებიც ღია და გამჭვირვალე არ არის. ეს სწორედ გამჭვირვალე დაფინანსების საწინააღმდეგო კანონია. ამიტომ, ძალიან დიდი და უარყოფითი გავლენა ექნება დამოუკიდებელ და თავისუფალ სიტყვაზე“ - ამბობს ბაკურ კვაშილავა.

GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი ყურადღებას ასევე ამახვილებს, სულ უფრო მზარდ სახელისუფლებო პროპაგანდაზე, როგორც მთავრობის კონტროლირებად ტელევიზიებში, ისე საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომელიც 2024 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 101 მილიონი ლარით დაფინანსდა.

„საშინელებაა! საზოგადოებრივ მაუწყებელს ერთხელ რომ შევხედე, ისეთი დაუბალანსებელი იყო მთავარი სიუჟეტი... სადაც „ოცნება“ ლაპარაკობდა, დაახლოებით, 3-ჯერ მეტს, წამყვანიც იყენებდა „ოცნების“ ტერმინოლოგიას..."რუსული კანონი" ახსენა, მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში...ის თანდათან ხდება აბსოლუტურად შეუსაბამო იმ სტანდარტებისთვის, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა გააჩნდეს. ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გამოწვევაა“ - მიაჩნია ბაკურ კვაშილავას.

ჟურნალისტებზე თავდასხმები, კრიტიკული მედია ორგანიზაციების სტიგმატიზაცია, ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებაში მიზანმიმართული ხელის შეშლა, არათავისუფალი სარედაქციო პოლიტიკა, საჯარო ინფორმაციის დამალვა, უკიდურესი პოლარიზაცია, პოლიტიკური ფული, დეზინფორმაცია და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით, ყალბი ინფორმაციის გავრცელება - ქართული მედიის გამოწვევებად რჩება, თუმცა, 2024 წელს, მთავარი გამოწვევა უკვე "რუსული კანონია".

არა რუსულ კანონს - ჟურნალისტების პროტესტი პარლამენტის უკანა ეზოში
არა რუსულ კანონს - ჟურნალისტების პროტესტი პარლამენტის უკანა ეზოში

"რუსული კანონის" ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმაც აჩვენა, რომ ხელისუფლება, მისი მომხრეები, სპეცდანიშნულების რაზმი, კრიმინალური პოლიცია, სამთავრობო უწყებები და ა.შ ცდილობენ ღიად დაესხან თავს კრიტიკულ მედიას და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს. "ოცნების" მომხრე პროპაგანდისტული მედია საშუალებები („იმედი“, პოსტ ტვ, საზმაუ, მაესტრო, რუსთავი 2) კი პირიქით, დაიცვან, როგორც სამართლებრივად, ისე ფიზიკური ძალით.

უკვე წლებია „ქართული ოცნება" ცალხრივად უარს ამბობს ოპოზიციურ მედიასთან თანამშრომლობაზე, ისევე, როგორც "ოცნების" ლიდერი, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. ხელისუფლება არ იძლევა ინტერვიუებს, ბლოკავს საჯარო ინფორმაციას, უზღუდავს ჟურნალისტებს პარლამენტში და სხვა საჯარო უწყებებში მუშაობას. 3 მაისს, პრესის თავისუფლების დღეს, პარლამენტის სპიკერმა პაპუაშვილმა უმაღლესს საკანონმდებლო ორგანოში მედია საერთოდ აღარ შეუშვა.

2 მაისს, „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის მერი კახი კალაძე ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს ღიად დაესხა თავს.

უტიფარი მოიკითხეთ სახლში და ოჯახში! თავხედო ნაძირალა!
თბილისის მერი კალაძე ჟურნალისტს

კალაძე მდგომარეობიდან გამოიყვანა ჟურნალისტის რეპლიკამ - „არ გერიდებათ, ასე უტიფრად, რომ იტყუებით?“.

ამ რეპლიკამდე თბილისის მერი კატეგორიულად ამტკიცებდა რომ 2 მაისს, თითქოს, შსს-ს მომიტინგეების დაშლისთვის რეზინის ტყვიები არ გაუყენებია. მაშინ როცა, წინა ღამით, რამდენიმე ახალგაზრდა დემონსტრანტი საავადმყოფოებში სწორედ რეზინის ტყვიით დაჭრილი შეიყვანეს.

ჟურნალისტის რეპლიკას კალაძემ ხაზგასმული აგრესიით უპასუხა: „ზრდილობა არ გასწავლეს ოჯახში? უტიფარი მოიკითხეთ სახლში და ოჯახში! თავხედო ნაძირალა! უტიფარი დაუძახე დედაშენს და მამაშენს სახლში რომ მიხვალ! უზრდელო შენ! შენ ხარ თავხედი, უზრდელი! უტიფარი უთხარი დედაშენს და მამაშენს სახლში რომ მიხვალ შენი გაზრდისთვის! შეირგე ახლა გემრიელად და წადი სახლში! თავხედო!“ - უყვირა კალაძემ ჟურნალისტ გოგონას.

"რუსული კანონი" ანუ როგორც ბიძინა ივანიშვილმა ის მონათლა: "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, "ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ ორი მოსმენით უკვე მიიღო.

„პრესის თავისუფლების ინდექსით“, მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის, საქართველო 103 ადგილს იკავებს
„პრესის თავისუფლების ინდექსით“, მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის, საქართველო 103 ადგილს იკავებს
"ოცნებამ" 2023 წელს, რუსული კანონის გატანა ვერ შეძლო და 2024 წელს, ისევ დააბრუნა
"ოცნებამ" 2023 წელს, რუსული კანონის გატანა ვერ შეძლო და 2024 წელს, ისევ დააბრუნა

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG