ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიციამ კალიფორნიის უნივერსიტეტში მომიტინგეები დააკავა და ბარიკადები დაშალა


შეერთებული შტატების პოლიციამ 2 მაისს რამდენიმე ქალაქის უნივერსიტეტში დაშალა პალესტინელთა მხარდამჭერი აქციები, გაათავისუფლა დემონსტრანტების მიერ დაკავებული სასწავლო შენობები, მოარღვია მათ მიერ აშენებული ბარიკადები და ზოგან მომიტინგეებიც დააკავა.

კალიფორნიის უნივერსიტეტის ლოს-ანჯელესის ფილიალში აქციის 201 მონაწილე იყო დაკავებული. განცხადება ამის თაობაზე სოციალურ მედიაში თავად ლოს-ანჯელესის პოლიციამ გააკეთა. თუმცა, ბევრი მათგანი მალევე გაათავისუფლეს.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტი, ვინმე რაიანი, რომელსაც უკანონო შეკრების ბრალდება წაუყენეს. კემპუსზე დაბრუნების შემდეგ ის აცხადებს, რომ სტუდენტები პროტესტს მაინც არ შეწყვეტენ: "ჩვენ დავბრუნდებით... ჩვენ არეულობას ისევ შევიტანთ".

პალესტინელთა მხარდამჭრი აქციები ამერიკის ათობით უნივერსიტეტში გრძელდება. ბევრგან დაპირისპირება მოხდა მომიტინგეებსა და ისრაელის მხარდამჭერთა მიერ მოწყობილი კონტრაქციების მონაწილეთა შორის. ორი დღით ადრე, ნიუ-იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტის მმართველებსაც წესრიგის და სასწავლო პროცესის აღსადგენად, პოლიციის გამოძახება დასჭირდათ.

სტუდენტურ აქციებს ქვეყნის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ამერიკელებს პროტესტის უფლება აქვთ, მაგრამ ძალადობის ინიცირება არ უნდა მოხდეს.

"საკუთრების განადგურება მშვიდობიანი საპროტესტო აქცია არ არის", აღნიშნა მან. "ეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. ვანდალიზმი, სხვისი ქონების ხელყოფა, ფანჯრების ჩამტვრევა კემპუსებზე, სასწავლო პროცესის და კურსდამთავრებულთა სადღესასწაულო ღონისძიებების იძულებით გაუქმება - აქედან არცერთი არ წარმოადგენს მშვიდობიანი პროტესტის ფორმას", - განაცხადა 2 მაისს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG